QUTAISO.TK
მთავარი |
 
ოთხშაბათი, 27.11.2024, 10:43
| RSS
...
>
მთავარი » 2012 » მარტი » 29 » წმინდა ვასილი რადინი
05:24
წმინდა ვასილი რადინი


ერთხელ ღამით, როცა ოჯახის წევრებს ღრმა ძილით ეძინათ, ვასილი ჩვეულებრივად ლოცვად დადგა, უეცრად საოცარმა სინათლემ მოჭრა თვალი- მის წინ წმინდა ნიკოლოზი გამოჩნდა და უთხრა: "წამოდი ჩემთან ერთად”.

მოგვიანებით ვასილი ყვებოდა: ჩემი სახლი თითქოს გაქრა, ირგვლივ მხოლოდ სინათლე იყო. მანათობელ ბერთან ერთად სწრაფად ვშორდებოდით მიწას, მაგრამ საითკენ არ ვიცოდი, სხეულით მივდიოდი თუ მხოლოდ სულით. მახსოვს ერთი, რომ ძალიან დიდხანს მივდიოდით, უცებ აღმოვჩნდით დაკეტილი კარების წინ, რომელსაც საშინელი შესახედაობის უამრავი ბოროტი დემონი ყარაულობდა.
-გაგვატარეთ!-მოითხოვა წმინდა ნიკოლოზმა
-არა, ვერ გაგატარებთ-ერთხმად უპასუხეს დემონებმა
-რატომ?
-ის (ჩემზე მიუთითებს) სხვებსაც მოუყვება აქაურ ამბებს და ჩვენ ზარალში ჩავცვივდებით, ცოცხლები შეშინდებიან, გონს მოვლენ, წესიერ ცხოვრებას დაიწყებენ და ჩვენ ხრიკებს არად ჩააგდებენ, ამის გარდა, თვითონ გარდაცვლილებსაც დაეხმარებიან მოწყალებით, პანაშვიდებით, საღვთო საიდუმლოსთან მოხსენებით და ზეციური გამგებლის ბრძანებით გასაჭირს აიცილებენ.

მაგრამ წმინდა ნიკოლოზი მბრძანებლურად წავიდა წინ, კარები გაიღო და ჩვენ აღმოვჩნდით თავად ჯოჯოხეთში – იქ სადაც მოუნანიებელი ცოდვილები იტანჯებიან! წმინდა ნიკოლოზი რომ არა, დემონები სიამოვნებით დამგლეჯდნენ, მათი სიმახინჯის შემხედვარე კი ჩემი სხეული სულს გაეყრებოდა.

ჯოჯოხეთის სატანჯველი იმდენად მრავალფეროვანი და საზარელი იყო, რომ მისი სრულიად გადმოცემა შეუძლებელია, ზოგი ყინულზე საშინელ სიცივეში იდგა, ზოგი სხვადასხვა მდგომარეობაში ყინულით იყო შებოჭილი, ზოგს შემოდგომის ძლიერი ქარი უტევდა, ზოგი ზამთრის ქარბუქში, განუწყვეტლივ თოვლსა და მოზუზუნე ქარქვეშ იდგა, ზოგს ცეცხლის ალი წელამდე ფარავდა, ზოგს-კისრამდე, ზოგს კი- თავიდან ბოლომდე, ზოგი აბუყბუყებულ შავ მასაში (ასფალტის თუ ფისის) დუღდა, ზოგი შეკრული, დაკრუნჩხული თუ ჩამოკიდებული იყო, მათ ირგვლივ დემონები დათარეშობდნენ და უმოწყალოდ სცემდნენ, შემდეგ ზედ მოასხდებოდნენ და ამხედრებულები დაჰქროდნენ. ზოგიერთები მიწაში სხვადასხვა სიღრმეზე იყვნენ ჩაფლული, სხვები ჭაობში იძირებოდნენ, ზოგი წყალში და ზოგიც წვიმაში იდგა, ზოგიერთი ფუფხებით დაფარულიყო, კეთრით იტანჯებოდა, სხვებს გველები და ჭია-მატლები დასეოდა, ირგვლივ კვნესა, აუტანელი ტკივილებითა და შიშით გამოწვეული ყვირილი, ცრემლები, კბილთა ღრჭენა, წყვდიადი და აუტანელი სიმყრალე იდგა, ამ სატანჯველის ჩამოთვლა შეუძლებელია, მით უმეტეს რომ მიწიერი ადამიანი მაინც ვერ აღიქვამს მთელი სინამდვილით.

ცოდვილებს შორის შევნიშნე ნაცნობი თანასოფლელი-საშინელი ლოთი, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ სულით უკვე ჯოჯოხეთის ბინადარი გამხდარიყო, ბევრი გარდაცვლილი ნაცნობი და ნათესავი იყო მათ შორის, ყველამ შემომჩივლა: "ძვირფასო ვასილ, უთხარი ჩვენს ახლობლებს, რატომ დაგვივიწყეს? მათ გარდა ვინ გამოგვიხსნის აქედან? ახლა თუ არ გვიშველეს, მერე ვიღას ვეხსომებით? მაშინ კი სამუდამოდ აქ დავრჩებით.” ლიტურგიაზე მოსახსენებელი ზოგს სამი, ზოგს ხუთი , ზოგს ათი და ზოგს ორმოციც ჭირდებოდა, მემუდარებოდნენ დამერწმუნებინა ნათესავები, ძროხა ან ცხენი გაეყიდათ და პანაშვიდები და მოწყალება გაეღოთ მათ სახელზე.

უცნობებიც მეხვეწებოდნენ მათ მოხსენიებას ლოცვებში, დიდხანს დავრჩი, ბევრი სათხოვარი მოვისმინე და ბევრი საშინელება ვნახე.

როცა წმინდა ნიკოლოზს გამოვყავდი ჯოჯოხეთიდან, დემონები ისევ შემომხვდნენ და ბოროტად მიკიჟინებდნენ: არც იფიქრო ნანახის ვინმესთან მოყოლა, თორემ სამაგიეროს გადაგიხდით, ფრთხილად იყავი, არ დაგავიწყდეს!

ლოცვაზე მუხლმოდრეკილი გამოვფხიზლდი, ირგვლივ ყველაფერი უცვლელად დამხვდა, მხოლოდ წმინდა ნიკოლოზი აღარსად ჩანდა, ჩემი მოგზაურობის გაანალიზებით მივხვდი, უფალმა უდიდესი მოწყალება გაიღო და გასაფრთხილებლად ჯოჯოხეთის საშინელება მაჩვენა, მივხვდი რომ ძველებურად ცხოვრება აღარ შემეძლო და საჭირო იყო მიცვალებულების დახმარება.

ფეხზე ძლივს წამოვდექი, ჯოჯოხეთის სიმყრალე თითქოს ნესტოებში ჩამრჩენოდა და საშინელი ღებინება დამაწყებინა, ოთხი დღე ვერანაირ საჭმელს ვერ მივეკარე, ნანახი მოსვენებას არ მაძლევდა, სული საშინლად მტკიოდა, ბოლოს ლოგინად ჩავვარდი, მაგრამ ღვთის წყალობით გადავრჩი და ნელ-ნელა დავწყნარდი.

განცდილის შემდეგ ვასილისთვის მიწიერი საზრუნავი აღარ არსებობდა, ერთადერთი ნუგეში ლოცვა იყო და სურვილი. როგორმე დახმარებოდა გარდაცვლილთა სულებს, არავისთვის გაუმხელია ნანახი- არა დემონების შიშით, არამედ ადამიანთა გაუგებრობის გამო, რომ არ ეთქვათ სიზმარში, ნასვამზე მოგელანდაო.

მაგრამ ერთხელ, სწორედ იმ ლოთს შეხვდა გზაში ვისი სულიც ჯოჯოხეთში ნახა, შეატყო დიდი დღე არ ეწერა, შეეცოდა, გააჩერა და უთხრა:” მე შენ ჯოჯოხეთში გიხილე, მემთვრალეებს შორის, გონს მოდი, სანამ გვიან არ არის”.

ამ სიტყვებზე ლოთი ისე გაბრაზდა, მივარდა და კბენა დაუწყო, ხელებით და ფეხებით ცემდა, ვასილი შეეხვეწა: მეგობარო, მე შენ კიარ დაგცინე, შემეცოდე და ამიტომ გაგაფრთხილე, შენ კი გეწყინა, ქრისტეს გულისთვის მაპატიე, მე მხოლოდ სიყვარული მამოძრავებდა! ლოთი ცემით გულნაჯერები გაშორდა, ამ დროს დემონების ლეგიონი დაესხა თავს, ცემდნენ და ეუბნებოდნენ: ესეც შენ, იმ ცოდვილის გაფრთხილებისთვის, საიდუმლოს გაცემისთვის! ღვთის მიუწვდომელი განგების დაშვებით, დემონებმა ისე სცემეს იგი, რომ კინაღამ გარდაიცვალა. ამის მერე დიდი ხნით ლოგინად ჩავარდა.

თუმცა ვასილმა იგი ჩათვალა, როგორც ქრისტეს მეომრის სახელის მოსაპოვებლად მოწყობილი გამოცდა, დამშვიდდა, არავინ გაუკიცხავს, არც დაუწუწუნია, ხოლო კაცისგან და დემონისგან მიღებული ცემა ცოდვების მიზეზად ჩათვალა, მართალია, ფეხზე ვერ დგებოდა, მაგრამ მწოლიარე განაგრძობდა ლოცვას და მადლობას უხდიდა ღმერთს ყველაფრისთვის.

ცოტა რომ მომჯობინდა, ღვთის შეწევნით იმედით მოუხმო გარდაცვილლთა ნათესავებს, მოუთხრო ყველაფერი და დანაბარებიც გადასცა, ბევრი მათგანი, ზოგი გულგრილი და თავქარიანიც კი გამოფხიზლდა, გულთან მიიტანა მისი მონაყოლი, ამოძრავდა ხალხი, მოწყალების გაღება, პანაშვიდები, ლიტურგიაზე მოსახსენებლის გადაცემა დაიწყეს, ვასილიმაც გულით გაიხარა მათი მონდომების ხილვით, თვითონაც ყოველდღე იხსენებდა ჯოჯოხეთში ნანახ ცოდვილებს, თავისი ანგარიშით ბევრი ჩაწერა ორმოცდღიან მოსახსენებელში.

გავიდა დრო და ვასილის ძალიან მოუნდა გაეგო, რა შედეგები მოჰყვა ლოცვებს, შეევედრა უფალს, გაემხილა მისთვის ცოდვილთა ამჟამინდელი მდგომარეობა.

ერთხელ დაძინებული, ღამეული ლოცვების დროს ვასილი ისევ ჯოჯოხეთში აღმოჩნდა, იცნო ძველი ადგილი, მაგრამ ბევრი ნაცნობი აქ აღარ დახვდა, სხვები კი უფრო უკეთეს მდგომარეობაში იხილა, წმინდა ეკლესიის და მოწყალებების გაცემის გამო უფალმა მრავალი გაათავისუფლა სატანჯველისგან, დარჩენილები მადლობდნენ დახმარებისთვის, თუმცა მათთვის გაღებული მსხვერპლი არასაკმარისი ან საჭირო გულმოდგინებით არ იყო გაკეთებული, ამიტომ მადლობასთან ერთად ისევ სთხოვდნენ ლოცვების გაძლიერებას.

ამჯერად ჯოჯოხეთში ყოფნისას ვასილმა თავისთვის ახალიც აღმოაჩინა. სატანჯველი სამყარო თითქოს ორ ნაწილად იყო გაყოფილი ერთ ნაწილში-საკუთრივ ჯოჯოხეთში- იტანჯებოდნენ ცოდვილები, რომლებიც თავიანთ უბედურებაში ღმერთს არ ადანაშაულებდნენ, ისინი არ კარგავენ იმედს, რომ საღვთო საიდუმლოში მათი მოხსენებით, წმინდა ეკლესიის ლოცვებითა და მათ სახელზე მოწყალების გაცემით, მათი მდგომარეობა შეიცვლება, შეიძლება გათავისუფლდნენ მეორედ მოსვლის ჟამს.

მეორე ნაწილში პირიქით, სულიწმინდის მაგინებლები არიან-ისინი, როგორც დემონები ლანძღავენ ღმერთს და მას თავისი დაღუპვის ერთადერთ მიზეზად თვლიან, ამიტომაც ვერანაირ გამოსავალს ვერ ხედავენ.

ჯოჯოხეთის მეორედ ხილვის შემდეგ ვასილი ოთხი დღე ისევ ვერაფერს ჭამდა და აღებინებდა და კვლავაც ლოგინად იყო ჩავარდნილი.

მისთვის გაცხადდა საკუთარი ორი ქალიშვილის მომავალიც, საშინელი თავზარი დაეცა, როცა მათი სულები ჯოჯოხეთში იხილა, ისინი ჯერ კიდევ მშვიდობიანად ცხოვრობდნენ მამისეულ სახლში, როცა შეიტყო მათი საზარელი მომავლის შესახებ, დაცემის მიზეზიც იცოდა და შვილები გააფრთხილა კიდეც, მაგრამ ამან სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, საბოლოოდ მათი ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა.

თავისი შვილების ბედზე დაღონებულმა კიდევ უფრო გააღრმავა ლოცვა, ამ მიზნით იქაურ მჭედელს მსხვილი რკინის ბორკილები გამოაჭედინა და თვითონ დაიმაგრა, პერანგი სისხლიანი და ჩირქიანი გაუხდა, ლოცვისას კი განუწყვეტლივ ცრემლი სდიოდა.

ვასილ დანიელის ძე რადინი გარდაიცვალა 1920 წლის 1 მაისს 75 წლის ასაკში, მან მშვიდობით ჩააბარა სული უფალს, მხოლოდ სასიკვდილო სარეცელზე შეიტყვეს მისი ოჯახის წევრებმა ბორკილების შესახებ, ისინი ისე შეეზარდნენ მის სხეულს, ვერ მოხსნეს და ღვთისნიერი ბორკილებით დაკრძალეს.


კატეგორია: †სტატიები† | ნანახია: 758 | დაამატა: amiko | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ჩანაწერების არქივი

Copyright MyCorp © 2024Website builder - uCoz