QUTAISO.TK
მთავარი |
 
ოთხშაბათი, 27.11.2024, 10:30
| RSS
...
>
მთავარი » 2012 » მარტი » 27 » პატერიკები
12:13
პატერიკები

† პატერიკი †

ზეცისა კაცნი და ქვეყანისა ანგელოზნი
ბერი და ანგელოზი

ნეტარი ბერი იოსებ სპილიოტი (+1959) ცდილობდა, გაემხნევებინა ახალგაზრდა ბერი, რომელიც სევდას შეეპყრო და მონასტრის დატოვება და თავისიანებთან დაბრუნება განეზრახა. ამიტომ მან ასეთი სასწაულის შესახებ უამბო მას:

„ათონის მთაზე ჩემს მოსვლამდე არცთუ დიდი ხნით ადრე, გავიცანი ერთი ბერი, რომელიც უსინათლო ხუცესის მორჩილი იყო. მისმინე, რა შეემთხვა ერთხელ მას.
ერთხელ მის სენაკთან ერისკაცი მივიდა.
- საიდან ხარ? - ჰკითხა სტუმარს შაოსანმა ბერმა.
აღმოჩნდა, რომ ისინი ერთი მიწა-წყლისანი იყვნენ, მაგრამ ბერმა მოსულს ეს არ გაუმხილა.
- შენ თუ იცნობ ასეთ ადამიანს როგორ არის? - შეეკითხა მოსაგრე, მხედველობაში ჰყავდა რა თავისი მამა.
- ვიცი, - უპასუხა მოსულმა, - იგი გარდაიცვალა და ღვთის ანაბარა დარჩა მისი ცოლი და ქალიშვილები. მათ ვაჟიც ჰყავდათ, რომელმაც მრავალი წლის წინ დატოვა ისინი. მას შემდეგ მის შესახებ არაფერი სმენიათ.
ამ ამბავმა შაოსანი მეტად დაამწუხრა. მას მონასტრის დატოვებისა და შინ დაუბრუნების სურვილი გაუჩნდა.
- წავალ, - უთხრა მან ერთხელ თავის ხუცესს, - წავალ და ვიზრუნებ დედასა და დებზე.
მაგრამ ხუცესმა არ აკურთხა და ცრემლებით თხოვდა, დარჩენილიყო, ის კი შეუდრეკელი რჩებოდა. ბოლოს და ბოლოს, როდესაც ვერ შეძლო ახალგაზრდის შეჩერება, უსინათლო ხუცესმა იგი თავის ნებაზე მიუშვა. და მან წმიდა მთა დატოვა.
გზაში დაღლილი, ხის ჩრდილში ჩამოჯდა. ცოტა ხნის შემდეგ ამ ხეს კიდევ ერთი დაღლილი შაოსანი მიუახლოვდა და მის გვერდით ჩამოჯდა.
- ვხედავ, რომ დამწუხრებული ხარ, ძმაო, რა დაგემართა? - ჰკითხა ამ უკანასკნელმა.
- მამაო, უბედურება შემემთხვა, - უპასუხა ხუცესის მიმტოვებელმა მორჩილმა და თავისი ამბავი უამბო.
მაშინ კეთილმა მგზავრმა უთხრა:
- მისმინე, ძმაო, დაბრუნდი შენს ხუცესთან, უფალი თვითონ იზრუნებს შენს ახლობლებზე, შენ არ უნდა მიატოვო იგი, მითუმეტეს, რომ ის ბრმაა.
მაგრამ მან ყურადღება როდი მიაქცია შემთხვევითი თანამოსაუბრის რჩევას. მგზავრს მრავალი მაგალითი მოჰყავდა, მაგრამ ჯიუტი ბერი ფეხზე ადგა და გზის გაგრძელება დააპირა.
- ასე რომ, შენ არ შეისმინე ჩემი სიტყვები? - უკანასკნელად შეეკითხა ბერს მგზავრი.
- არა.
- მაშინ იცოდე! მე უფლის ანგელოზი ვარ. როგორც კი მამაშენი გარდაიცვალა, უფალმა შენი ოჯახის მფარველობა დამავალა, მაგრამ რადგან თვითონ გსურს მასზე იზრუნო, მაშინ მე ვტოვებ მათ და მივდივარ.
ანგელოზი მეყსეულად გაქრა. ბერი ძალიან შეწუხდა და მონანული დაბრუნდა ბრმა ხუცესთან. სენაკში შესულმა დაინახა, რომ მოძღვარი მისთვის ლოცულობდა..."

თარგმნა ხათუნა რაქვიაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი", № 12, 2003 წ.

* * *
ერთმა ახალგაზრდა კაცმა, რომელიც მონასტერში გამუდმებით დადიოდა, მაგრამ ამსოფლიური ყოფაც ერთობ ძალუმად იზიდავდა (უყვარდა მუსიკა, ნაირგვარი სანახაობები, მოგზაურობა, გართობა), ჰკითხა მამა ეპიფანეს, დასაშვებია თუ არა მისთვის იფიქროს მონაზვნობაზე.
- შვილო ჩემო, მონაზვნად არ გამოდგები, - მიუგო მამა ეპიფანემ, - შენ მეტისმეტად გიზიდავს სოფელი, მონაზონს კი საწინააღმდეგო მისწრაფება უნდა ჰქონდეს: თავისი შინაგანი სამყარო უნდა იზიდავდეს და არა პირიქით.


* * *
ერთხელ იღუმენიამ ტელეფონით აცნობა მამა ეპიფანეს, რომ ერთ ღვთისმოშიშ გოგონას მონაზვნობა სურდა მის მონასტერში, მაგრამ ამ გოგონას სულიერი მამა მონაზვნობას მაინცდამაინც არ სწყალობდა და კურთხევას არ აძლევდა.
- გერონდა, როგორ მოვიქცე? მოვუწოდო მას, დაემროჩილოს სულიერ მამას და დათრგუნოს მონაზვნად გახდომის სურვილი, თუ ვურჩიო, ყურადღება არ მიაქციოს მის აზრს და კურთხევის გარეშე მოვიდეს მონასტერში?
- მომისმინეთ, დედაო. მისი ეს განზრახვა მუდამ წმიდა და პატივისცემის ღირსი იქნება. მაგრამ თუ იგი მონასტერში მოვა კურთხევის გარეშე და ამა თუ იმ მიზეზთა გამო იქ სირთულეებს წააწყდება, მაშინ მათ თავის ურჩობას დააბრალებს. მეორე მხრივ, თუ იგი მონაზვნურ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწევს, შინაგანად ყოველთვის ექნება დანაშაულის გრძნობა, რომ ყოველივე ამას კურთხევის გარეშე აკეთებს. ამიტომ გირჩევთ: შესთავაზეთ მას, დაემორჩილოს სულიერ მამას და ილოცოს, რათა ღმერთმა, თუკი იგი ინებებს მისი სურვილის აღსრულებას, შეაცვლევინოს სულიერ მამას მონაზვნობისადმი დამოკიდებულება.
ასეც მოხდა. ნახევარი წლის შემდეგ იღუმენიამ სიხარულით აცნობა ბერს, რომ გოგონამ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მიიღო კურთხევა თავისი სულიერი მამისაგან, რომელმაც ასე მიმართა მას: „შვილო ჩემო, რადგან, მიუხედვად ჩემი ხანგრძლივი უთანხმოებისა, მაინც ისწრაფი, გახდე მონაზონი, აშკარაა, შენი სურვილი ღმერთისგან მოდის. ასე რომ, ჩემი კურთხევით წადი მონასტერში".
- დედაო იღუმენია, ეს ღმერთმა დააჯილდოვა იგი მორჩილებისათვის! - იყო მამა ეპიფანეს პასუხი.


მონაზვნები და ერისკაცნი
- გერონდა, წმიდა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს, რომ „ნათელ ყოველთა კაცთა ჭეშმარიტნი მონაზონნი არიან" (26,31). ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ყველაზე სათნოებაშემოსილ ერისკაცსაც კი აღემატება უკანასკნელი მონაზონი?
- არა! აქ ღირსი მამა საუბრობს არა ნებისმიერ მონაზონზე, არამედ მონაზვნურ ცხოვრებაზე, ანუ საერთოდ მონაზვნობაზე. მას მხედველობაში აქვს, რომ მონაზვნობა, როგორც ცხოვრების წესი, საერო ცხოვრების წესზე მაღლა დგას. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ არსებობს მონაზონზე უფრო მართალი ერისკაცი.
„არიქმანდრიტ ეპიფანე თეოდოროპულოსის სწავლებანი"

მონაზვნის ღირსება
კავსოკალივის სავანის ერთ მონაზონს ებრძოდა ბოროტი მარჯვენა მხრიდან იმ გულისთქმებით, რომ იგი არაფერს აკეთებს, ერში კი მოყვასს სიკეთეს მოუტანდა და ა.შ. ბოროტი მას იმ გულისთქმასაც უნერგავდა, რომ სამონაზვნო მოქალაქეობა არის რაღაც მეორეხარისხოვანი და სხვა.
სახიერი ღმერთი ხედავდა რა სიკეთის მოძულის ვერაგობას და იმ დიდ საფრთხეს, რომელიც ემუქრებოდა ძმას, მოიღო წყალობა, რათა ცხადში ეჩვენებინა მისთვის ერთი სასწაულებრივი ხილვა.
აი, იგი ხედავს თავის თავს მიცვალებულს და ეშმაკებს, რომლებიც უახლოვდებიან და კიცხავენ, მოშორებით კი - ხალხმრავალ დასახლებას. უეცრად მას ევლინება ანგელოზი და ეუბნება:
- ერთი ღირსეული მონაზონი უფრო მეტად ფასობს, ვიდრე მთელი ეს დასახლება.
ხილვისგან გონს მოვიდა თუ არა მონაზონი, თავის თავს უთხრა:
- ხედავ, რა ღირსებას სძენს უფალი ადამიანის, როდესაც იგი მონაზონი ხდება!
ამის შემდეგ მან კიდევ უფრო მეტად გააძლიერა სულიერი მოღვაწეობა. ანგელოზის სიტყვებიც თავის სენაკში კედელზე მიაწერა, რომ ხშირად დაენახა და უფრო მეტად და გულმოდგინედ ეღვაწა.

ბერი პაისი „ათონი და ათონელი მამები"
ნუ დაითვრებით ღვინითა, რამეთუ მოსდევს სიბილწე

ერთ მეგვიპტელ მეუდაბნოეს ეშმაკი დაპირდა, რომ აღარ შეაწუხებდა, თუკი იგი სამიდან ერთ-ერთ ცოდვას მაინც ჩაიდენდა. არჩევანი ასეთი იყო: მკვლელობა, მრუშობა და სიმთვრალე. „ჩაიდინე რომელიმე ცოდვა: ან კაცი მოკალი, ან იმრუშე, ან დათვერი და ამის შემდეგ სიმშვიდეში იცხოვრე. აღარ შეგაწუხებ".
მეუდაბნოემ იფიქრა: კაცი მოვკლა? - მეშინია, რადგან ეს თავისთავად დიდი ცოდვაა, რომელიც საღმრთო სამართლითაც სიკვდილით ისჯება და სამოქალაქოთიც. ვიმრუშო? სირცხვილია, სხეულის სისუფთავე რომ დავღუპო და შეურაცხვყო ჯერ უცნობი სიბილწით. დათრობა კი თითქოს არ უნდა იყოს დიდი ცოდვა, რადგან მთვრალი გამოიძინებს და გამოფხიზლდება. დავთვრები, რომ ეშმაკმა აღარ შემაწუხოს და შემდეგ მშვიდად ვიცხოვრებ უდაბნოში.
და აი, წაიღო თავისი ხელსაქმე ქალაქში, გაყიდა და შევიდა დუქანში. დათვრა იქ. ეშმაკის მანქანებით მთვრალს ერთ ურცხვ მეძავთან მოუხდა ლაპარაკი, მოიხიბლა და დაეცა მასთან, ცოდვის ჩადენისას ქმარმა მოუსწრო მათ და ცოლის შეურაცხმყოფელს ცემა დაუწყო, მან კი ცემითვე უპასუხა, მოერია და მოკლა.
ასე რომ, იმ განდეგილმა დაიწყო სიმთვრალით და მერე კი იმრუშა და ბოლოს მოკლა კიდეც. სიფხიზლეში მას ამ ცოდვების ეშინოდა და ერიდებოდა, მთვრალმა კი ჩაიდინა და თავისი მრავალწლოვანი ღვაწლი დაღუპა. მხოლოდ ჭეშმარიტი სინანულით შეძლო მან კვლავ მოეპოვებინა დაკარგული, რადგან ღმრთის გულმოწყალებით სინანულით მოქცეულ ადამიანს უბრუნდება ცოდვის გამო დაკარგული ადრინდელი დამსახურება.
აი, როგორ უბიძგებს სიმთვრალე ცოდვებისაკენ და სათნოებების დაღუპვის გამო ხსნას აკარგვინებს ადამიანს. „ლოთობა, თუკი რამეს ნახავს ადამიანში - ქალწულებას, სირცხვილს, გონებას, სიმშვიდეს, მორჩილებას - ყველაფერს კანონის დარღვევის უფსკრულში მოაქცევს". განა არ დაკარგავს ხსნას და ზეციურ სამკვიდრებელს ადამიანი, რომელსაც ლოთობა ყველა სათნოებას ჩამოაშორებს? ჭეშმარიტებას ამბობს მოციქული: „... მემთვრალეთა... სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკვიდრონ" (1 კორ. 6, 10).


* * *
იღუმენია ტაისია იხსენებს: „ერთხელ მე და მამა იოანე კრონშტადტელი ნიკოლაევის ხიდზე ეტლით მივდიოდით, საიდანაც მეეტლეს მარცხნივ გადახვევა ჰქონდა ნაბრძანები. როცა ჩვენი ეტლი სამლოცველოს გაუთანასწორდა, სანაპიროს გასწვრივ, მარცხენა მხარეს დამკრძალავი პროცესია გამოჩნდა. ჩასასვენებელი ერთ ცხენს მოჰქონდა, ხოლო გამცილებლები კი არა უმეტეს 17-19 კაცი იქნებოდა; თითოული მათგანი კარგად ჩანდა, ისე, რომ მათი გარჩევა არ იყო ძნელი. მამა იოანეს უეცრად სახე შეეცვალა და მან დამკრძალავ პროცესიას დაჟინებით დაუწყო ცქერა. რაკი ის სანაპიროთი ჩვენი ეტლის გასწვრივ ჩემ მარცხენა მხარეს მიდიოდა, რათა მსვლელობა კარგად დაეთვალიერებინა, მამა იოანე ჩემსკენ გადმოიხარა, რის გამოც მე არ შემეძლო არ შემემჩნია ის ცვლილებები, რომელიც მას სახეზე გამოეხატებოდა. ბოლოს პროცესიამ სხვა მხარეს გადაუხვია, მამა იოანე კი როგორც კი დამშვიდდა, პირჯვარი გადაისახა და მე მომმართა: „მართლაც რა მძიმეა მემთვრელეობის ვნებით შეპყრობილის სიკვდილი". მეგონა რა, რომ გარდაცვლილზე საუბრობდა და მან გამცილებლები იცნო, მივმართე: „თქვენ, ალბათ, იცნობდით მას, მამაო". არა, მიპასუხა მან, ისევე როგორც შენ, პირველად ვხედავ, არც მის გამცილებლებს ვიცნობ, მაგრამ ვხედავ დემონებს მემთვრალეობის ვნებით შეპყრობილის სიკვდილით გახარებულებს".



ანგელოზები ზრუნავენ ღმრთისმოშიშ ადამიანებზე 
და იცავენ მათ საფრთხისაგან


ფსალმუნი ამბობს: „ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხნი შენნი", ანუ როგორც დედა, როცა ბავშვი სწავლობს სიარულს, თვალს ადევნებს მის ყოველ ნაბიჯს და თუ ხედავს, რომ მან შეიძლება რაიმეს წამოჰკრას ფეხი, მაშინვე აჰყავს ხელში - ამის მსგავსად ეპრყობიან ანგელოზები ადამიანებს და თუკი ისინი ბავშვივით მინდობილნი არიან ღმრთის ნებაზე, წმიდა ანგელოზები დედობრივი მზრუნველობით იცავენ მათ საცდურის ლოდზე შებრკოლებისგან. მართალ იოსებს ეჭვი შეეპარა ღმრთისმშობლის უბიწოებაში და განიზრახა მისი ფარულად გაშვება, მაგრამ ამ უსამართლობისაგან იგი იხსნა ანგელოზმა. ანგელოზები იფარავენ ჩვენი სულების სიწმინდეს და ამასთან იცავენ ჩვენს ხორციელ უსაფრთხოებასაც ხილულ და უხილავ მტერთაგან, აშკარა და ფარულ საფრთხეთაგან. ოდესღაც სირიის მეფის მიერ ელისე წინასწარმეტყველის შესაპყრობად გამოგზავნილმა მრავალრიცხოვანმა ჯარმა ალყა შემოარტყა ქალაქს, სადაც თავი შეეფარებინა წინასწარმეტყველს. მოსალოდნელი საშიშროების ხილვისას მისი მოწაფე შიშმა შეიპყრო, მაგრამ იგი დაამშვიდა მოძღვარმა, ვისი ლოცვითაც მოწაფეს აეხილა თვალები და იხილა ანგელოზთა კრებულნი, რომლებიც წინასწარმეტყველის დასაცავად ამხედრებულიყვნენ (4 მეფ. 6,17). ეკლესიის ისტორიამ შემოგვინახა მრავალი შემთხვევა ანგელოზთა საკვირველი მფარველობისა, ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მათგანის შესახებ მოგითხრობთ.


ასე გვიცავენ წმიდა ანგელოზები მტრის საფრთხისაგან
ერთხელ ნეტარმა თეოდორემ, ედესის ეპისკოპოსმა, ჰკითხა ერთ წინამხედველ მესვეტეს, თუ როგორ ცნობდა და განასხვავებდა იგი მართალთა და ცოდვილთ. მესვეტემ მიუგო: „თუ ჩემს სვეტთან ჩაივლის მართალი და ღმრთისმოშიში კაცი, მე ვხედავ ღვთის მადლს და ნათელ ანგელოზებს, რომლებიც მას ორივე მხარეს მიჰყვებიან, ეშმაკები კი შორს მიდიან და ვერ ბედავენ მასთან მიახლოებას; მაგრამ თუ ჩაივლის ცოდვილი, მის გარშემო ვხედავ მოზეიმე ეშმაკთა ხროვას, მფარველი ანგელოზი კი მას მოშორებით მიჰყვება, მწუხარებს და გლოვობს მისი დაღუპვის გამო. მაგრამ როცა ეშმაკებს სურთ საბოლოოდ დაღუპონ ეს კაცი, მაშინ მოდის მფარველი ანგელოზი ცეცხლოვანი მახვილით და განდევნის მათ". ასე გვიცავენ წმიდა ანგელოზები მტრის საფრთხეთაგან.

ანგელოზები ზრუნავენ ადამიანების ხორციელ ჯანმრთელობაზეც
ეს ზეციური დესპანნი ზრუნავენ ადამიანების არა მარტო სულიერ გადარჩენაზე, არამედ მათ ხორციელ ჯანმრთელობაზეც. პატერიკი მოგვითხრობს, თუ როგორ განკურნა მფარველმა ანგელოზმა ერთი მეუდაბნოე, რომელიც კუჭის ძლიერი ტკივილით იტანჯებოდა. ანგელოზი ეჩვენა სნეულს და ტანჯვის მიზეზი გამოჰკითხა. შემდეგ თითით ბასრი დანის მსგავსად გაუჭრა დაავადებული ადგილი, გამოწმინდა დაგროვილი ჩირქი და მერე ხელით ჭრილობა გაუმთელა; ამგვარად განკურნა მეუდაბნოე და დაუბრუნა მას ფიზიკური სიმრთელე.

„აი, ისინი, რომლებსაც უფალი გზავნის წმიდანთა დასახმარებლად"
ერთხელ აბბა ისიდორემ ამაღლებულ ადგილზე აიყვანა არაწმიდა ზრახვებთან ბრძოლით დაუძლურებული აბბა მოსე და უთხრა: „გაიხედე დასავლეთით". მოსემ გაიხედა და დაინახა იქ უთვალავი დემონი, რომლებიც მოისწრაფოდნენ ადამიანებთან საბრძოლველად. აბბა ისიდორემ კვლავ უთხრა მას: „გაიხედე ახლა აღმოსავლეთით". აბბა მოსემ გაიხედა და იხილა დიდებით მოსილ წმიდა ანგელოზთა უთვალავი სიმრავლე. შემდეგ აბბა ისიდორემ მას უთხრა: „აი ისინი, რომლებსაც უფალი გზავნის წმიდანთა დასახმარებლად; ხოლო ისინი, რომლებიც დასავლეთით არიან, ჩვენს წინააღმდეგ აღძრავენ ბრძოლას. მაგრამ ჩვენი შემწენი გაცილებით მეტნი არიან". ხილვამ გაამხნევა და დაამშვიდა ბოროტი ზრახვებით შეწუხებული ბერი.

„ასე გიბრძანებთ უფალი საბაოთ..."
ერთხელ ღირსმა ნიფონტმა ლოცვის შემდეგ ჩასთვლიმა და იხილა ვრცელი მინდორი, სადაც იდგა უამრავი ბოროტი სული, მძიმე ცოდვების მიხედვით სამას სამოცდახუთ პოლკად დაყოფილი. ერთ-ერთი ყველაზე შავი ეთიოპელი მათ ბრძოლისათვის ამზადებდა: „მიყურეთ მე და ნურაფრის გეშინიათ, რადგან ჩემი ძალა თქვენთან იქნება". ეშმაკმა ყოველ პოლკს მისცა გრძნებულებანი და გაუშვა მიწაზე, ქრისტეს ეკლესიასთან საბრძოლველად.
როდესაც ნეტარი მამა ამას უცქერდა, მოესმა ხმა: „ნიფონტ, გაიხედე აღმოსავლეთისკენ". მან თვალი მიაპყრო აღმოსავლეთს და იხილა სუფთა და ლამაზი მინდორი, რომელზეც იდგა დემონებზე ორჯერ მეტი თეთრით მოსილი ჭაბუკი, ასევე ბრძოლისათვის განმზადებული. შემდეგ მოვიდა მზეზე უფრო ნათელი სახის კაცი და მიმართა მათ: „ასე გიბრძანებთ უფალი საბაოთ: წადით მთელს ქვეყანაზე, დაეხმარეთ ქრისტიანებს და დაიცავით მათი სიცოცხლე". ღირსმა მამამ განადიდა ღმერთი, რომელიც ასე შეეწევა თავის ეკლესიას.

მაშინ მემამულე მიხვდა, რომ მონასტერს იცავენ ღმრთის ანგელოზები
როდესაც ღირსი კირილე აშენებდა ბელოზერსკის მონასტერს, მშენებლობის წარმატებით გაკვირვებული მეზობლად მცხოვრებნი კირილეს დიდი სიმდიდრის პატრონად თვლიდნენ. ამ ხმებმა ერთ ანგარებიან მემამულემდეც მიაღწია. მან შეკრიბა თავისი მსახურნი და ღამით გაეშურა ღირსი მამის გასაძარცვავად. გალავანთან მისულმა ბოროტისმზრახველებმა იხილეს, რომ მონასტრის სიახლოვეს მიმოდიოდა მეომართა დიდი სიმრავლე ამოწვდილი ხმლებით. ყაჩაღები დილამდე ელოდნენ მეომართა დაძინებას, მაგრამ ამას ვერ მოესწრნენ და შინ დაბრუნდნენ. მეორე ღამეს მათ უფრო მეტი მეომარი იხილეს და კვლავ ხელმოცარულნი დარჩნენ. დილით მემამულემ მონასტერში მსახური გააგზავნა იმის გასაგებად, თუ რომელი პოლკი იდგა იქ და რამდენი ხნით აპირებდა გაჩერებას. მსახურმა მოიტანა ამბავი, რომ კვირაზე მეტია მონასტერში არათუ ჯარი, ერთი მომლოცველიც კი არ ყოფილა. მაშინ მემამულე მიხვდა, რომ მონასატერს იცავენ ღმრთის ანგელოზები და შეინანა ბოროტი განზრახვა.


„იყავი სრული და გულით მდაბალი უფლის წინაშე, ემსახურე მას სიხარულით და მე არ განგეშორები შენ"
ერთხელ ღირსმა ონოფრე დიდმა დაყუდებული ცხოვრების სიყვარულით დატოვა თებაიდის მონასტერი და უდაბნოს მიაშურა. მოულოდნელად მან იხილა ნათლის სხივი და შეშინებულმა უკან გაქცევა დააპირა, მაგრამ ნათლის სხივი მიუახლოვდა მას და მოესმა ხმა: „ნუ გეშინია, მე ვარ შენი ანგელოზი, შენი შობისთანავე უფლისგან შენს დასაცავად დადგენილი, და მუდმივად შენთან ერთად დავდივარ. ამჯერად მე ღმრთისგან ნაბრძანები მაქვს, წაგიყვანო უდაბნოში. იყავი სრული და გულით მდაბალი უფლის წინაშე, ემსახურე მას სიხარულით და მე არ განგეშორები შენ". ანგელოზი ღირს ონოფრეს წინ გაუძღვა. საკმაო მანძილი რომ გაიარეს, წმიდანმა დაინახა ჩინებული გამოქვაბული და ანგელოზის ნათელი სხივიც გაუჩინარდა.
უდაბნოში განმარტოების პირველი წლები მრავალი განსაცდელით იყო აღსავსე: დღისით ღირს ონოფრეს თაკარა მზე წვავდა, ღამით კი ყინვისგან ითოშებოდა. იგი უდაბნოს მცენარეებით იკვებებოდა, წყურვილს კი ნამით იკლავდა. ღმერთმა თავის ერთგულ შვილს ღვაწლში განმტკიცების შემდეგ ანგელოზი გამოუგზავნა, რომელსაც მასთან პური და წყალი მოჰქონდა. უფლის ანგელოზი მას ოცდაათი წელი კვებავდა; ამის შემდეგ მის გამოქვაბულთან ამოვიდა ფინიკის ხე ტკბილი ნაყოფით და აღმოცენდა წყარო ცივი წყლით. ღირსი ონოფრეს ანგელოზი აზიარებდა იესო ქრისტეს უხრწნელ ხორცსა და სისხლს. „და არა მარტო ჩემთან მოდის ანგელოზი ღმრთაებრივი ზიარებით, - განუცხადა წმიდა მეუდაბნოემ ღირს პაფნუტის, - არამედ სხვებთანაც, რომლებიც ღმრთის გულისათვის უდაბნოში ცხოვრობენ და ვერ ხედავენ ადამიანის სახეს. ანგელოზის ხელებიდან ზიარება მათ გამოუთქმელი მხიარულებით აღავსებს. და თუ რომელიმე მათგანი ისურვებს ადამიანის ხილვას, ანგელოზს აჰყავს იგი ზეცად, რათა იხილოს წმიდანები და განიხაროს; მაშინ ის ადამიანი სულით ნათლდება და ხარობს, რომ ღირს-იქმნა ზეციურ მშვენიერებათა ხილვისა და ივიწყებს უდაბნოში გაწეულ ყველა შრომას. თავის ადგილზე დაბრუნების შედეგ კი უფრო გულმოდგინედ ემსახურება ღმერთს და ესავს, საუკუნოდ დაიმკვიდროს ის, რისი ხილვის ღირსიც გახდა ზეცაში".

„შენი მეუღლე, სარა, შობს ძეს, რომელიც ნეტარის სახელს დაიმკვიდრებს"
ღირსი მაკარი (ბერძნულად მაკარი ნიშნავს ნეტარს) დიდის მშობლები იყვნენ მართალი აბრაამისა და სარას მოსახელენი და მათ მსგავსად მოხუცებულობამდე შვილი არ მიეცათ. ერთხელ მძიმე სნეულებით სიკვდილის პირას მისულმა აბრაამმა იხილა უფლის ანგელოზი, რომელიც საკურთხეველიდან გამოვიდა, მიუახლოვდა მას და უთხრა: „აბრაამ, აბრაამ, ადექი საწოლიდან". აბრაამმა მიუგო: „ავად ვარ, ბატონო, არ შემიძლია წამოდგომა". მაშინ ზეციურმა მაცნემ ალერსიანად მოჰკიდა მას ხელი და აუწყა: „ღმერთმა შეგიწყალა - მიიღო შენგან სნეულება და მოგანიჭა თავისი ლოცვა-კურთხევა: შენი მეუღლე, სარა, შობს ძეს, რომელიც ნეტარის სახელს დაიმკვიდრებს, გახდება სავანე სული წმიდისა, ქვეყნად ანგელოზივით იცხოვრებს და მისი მეშვეობით მრავალნი მივლენ ღმერთთან".

„მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება 
წმიდა ზეციურ ძალთა შესახებ"
თბილისი, 2004 წ


კატეგორია: †სტატიები† | ნანახია: 797 | დაამატა: amiko | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ჩანაწერების არქივი

Copyright MyCorp © 2024Website builder - uCoz