კიბოთი გარდაცვლილი ქალის მკვდრეთით აღდგინება(ეს მოხდა 1964 წელს, ქალაქ ბარნაულში)ყოფილი პარტმუშაკის, კლავდია უსტიუჟანინას მონათხრობი„მე უღმერთო ქალი ვიყავი, საშინლად ვგმობდი ღმერთს და მის ეკლესიასაც ვდევნიდი, როგორც ძალზე აქტიური კომუნისტი. ცოდვიან ცხოვრებას ვეწეოდი და სულიერად სრულიად მკვდარი ვიყავი. მაგრამ უფლის მოწაყალებამ არ დაუშვა მისი ქმნილების საბოლოო დაღუპვა და მან სასწაულებრივად მომიწოდა სინანულისათვის. მე კიბო გამიჩნდა და სამი წელი ვიავადმყოფე. უკანასკნელი ექვსი თვე ლოგინად ვიყვავი ჩავარდნილი და ისე მოვუძლურდი, რომ წყლის დალევაც არ შემეძლო, ძლიერი პირღებინება მტანჯავდა. ამიტომ საავადმყოფოში დამაწვინეს და, რაკი აქტიური კომუნისტი ვიყავი, ჩემთვის მოსკოვიდან გამოიძახეს პროფესორი ქირურგიული ჩარევისთვის. 1964 წლის 19 თებერვალს, დღის 3 საათზე ოპერაცია გამიკეთეს; მთელი ჩემი გულ-მუცელი უკვე ავთვისებიანი სიმსივნით იყო მოცული - კუჭი, ნაწლავები. ოპერაციის დღეს მე მოვკვდი. როცა მუცელი გამიჭრეს, ორ ექიმს შორის ვიდექი და შეძრწუნებული დავყურებდი ზემოდან ჩემს სნეულებას. ვუყურებდი და ვფიქრობდი: რატომ ვარ ორი - ვდგავარ და ვწევარ? ექიმებმა თქვეს - არაფერი ჯანსაღი არ დარჩენია, ყველაფერი გახრწნილია კიბოთი, სასიცოცხლო არეფერი ჰქონდაო. ოპერაცია გამიკეთა ებრაელმა პროფესორმა იზრაილ ისაიას ძე ნეიმარკმა, ათი სხვა ექიმის თანდასწრებით. როცა ჭრილობა გამიკერეს, ექიმებმა თქვეს: დამწყებ ექიმებს უნდა გადავცეთ საპრაქტიკოდო. და როცა ჩემი სხეული საცხედრეში (მორგში) მიჰქონდათ, მე უკან მივყვებოდი მას და სულ ვკვირობდი: რატომ ვართ ორნი? იქ შემოვიდნენ ჩემი ძმა და შვილი ანდრიუშა. ჩემმა ბიჭუნამ მოირბინა ჩემთან, შუბლზე მკოცნიდა, მწარედ ტიროდა და მეუბნებოდა: რატომ მოკვდი, მე ხომ პატარა ვარ ჯერ, როგორ ვიცხოვრო უშენოდ, მამაც ხომ არა მყავსო. მე მოვეხვიე მას და ვაკოცე, მაგრამ ანდრიუშა ყურადღებას არ მაქცევდა. ჩემი ძმაც ტიროდა. მერე მე ანაზდად ჩემს სახლში აღმოვჩნდი. მოვიდნენ ჩემი დედამთილი, პირველი კანონიერი ქმრისაგან და ჩემი ღვიძლი და. პირველ ქმართან მე გაწყვეტილი მქონდა ურთიერთობა, რადგან იგი ღვთისმორწმუნე იყო. დაიწყეს ჩემი ნივთების გაყოფა. დედამთილი ეხვეწებოდა, ბიჭუნასთვის დატოვე რამეო, მაგრამ ჩემმა დამ არაფერი მისცა და ლანძღვა-გინებაც დაუწყო. როცა ჩემი და ილანძღებოდა, იქვე ეშმაკნი დავინახე, რომელნიც თითოეულ მის სიტყვას იწერდნენ და უხაროდათ. მერე ისინი წავიდნენ. ჩემმა დამ უზარმაზარი შეკვრაც წაიღო თან. მე კი, ცოდვილი კლავდია, ოთხ საათზე ზევით გავფრინდი და ძალზე მიკვირდა, რომ ბარნაულის თავზე მივფრინავდი. შემდეგ ქალაქი გაქრა და ჩამობნელდა. სიბნელი დიდხანს გაგრძელდა. გზაში მიჩვენებდნენ იმ ადგილებს, სადაც კი როდესმე ვყოფილვარ, დაწყებული ჩემი სიყმაწვილიდან. როგორ და რითი მივფრინავდი, ამის ახსნა არ შემიძლია. შემდეგ ძალზე განათდა, ისე რომ რაიმეს დანახვა შეუძლებელი იყო. მერე ვხედავ - შორიახლოს ქალი მოდის, იშვიათი სილამაზის; ემოსა გრძელი მოსასხამი. მას ჭაბუკი მოჰყვება, რაღაცას ევედრება და თან ძალზე ტირის, ქალი კი ყურადღებას არ აქცევს. მე კი ვფიქრობ: ეს რანაირი დედაა? - ის ტირის, დედა კი ყურსაც არ ათხოვებს მის ვედრებას. როცა ქალი მომიახლოვდა, ჭაბუკი მის ფერხთით დაეცა და კვლავ შესთხოვა რაღაც, მაგრამ მე ვერაფერი გავიგე. მინდოდა მეკითხა, სადა ვარ-მეთქი, მაგრამ უცებ ქალი ჩემთან მოვიდა და თქვა: უფალო, საით ესე? მას ხელები გულზე დაეკრიფა და თვალნი ზე-აღეპყრო. მაშინ მე ელდა მეცა, რადგან გავაცნობიერე, რომ მოვმკვდარიყავი, ჩემი სული ცაში იყო, სხეული კი - მიწაზე; და მაშინვე მივხვდი იმასაც, რომ ძალზე ბევრი ცოდვები მაქვს და პასუხი უნდა ვაგო ყველაფრისათვის. მინდოდა უფალი დამენახა, მაგრამ ვერ შევძელი. მისი ხმა გავიგონე: დააბრუნე ქვეყნად, ჯერ არ არის მაგისი მოსვლის დრო! მამამისის სათნოებამ და განუწყვეტელმა ლოცვებმა აღმძრეს მაგის შეწყალებისათვის. და მხოლოდ მაშინ გახდა ნათელი ჩემთვის, რომ ეს ქალი - ზეციური დედოფალია, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, ხოლო ჭაბუკი - ჩემი მფარველი ანგელოზი. უფალი ამბობდა: თავი მომაბეზრა მაგისმა ღვთისგმობამ და ბილწმა ცხოვრებამ. მნებავდა შეუნანებელი აღმეგავა პირისაგან ქვეყანისა, მაგრამ მამამისმა შემვედრა იგი! შემდეგ უფალმა თქვა: ანახეთ ის ადგილი, რომელსაც იმსახურებს! და ერთ წამში ჯოჯოხეთში აღმოვჩნდი. მაცოცდებოდნენ საშინელი ცეცხლოვანი გველები, გრძელი ენები ჰქონდათ, და ამ ენებიდან ცეცხლი იფრქვეოდა. სხვა ყველანაირი ქვემძრომნიც იყვნენ. ენით გამოუთქმელი სიმყრალე იდგა. თითის სიმსხო პატარა გველები შემიძვრნენ ნესტოებში, თვალებში, ყურებში, პირში, ყველგან... მე არაადამიანური ხმით დავიწყე კივილი, მაგრამ წყალობას და შეწევნას იქ ვერავისგან მიიღებ. აქვე გამოჩნდა აბორტისგან მომკვდარი ქალი, რომელიც შენდობას, მოწყალებას ევედრებოდა უფალს. უფალმა კი მოუგო: როგორ ცხოვრობდი შენ ქვეყანაზე? მე არ მაღიარებდი და არ მომიხმობდი, შვილებს კი შენს მუცლეში ღუპავდი და სხვებსაც ურჩევდი: „რაში გჭირდებათ სიღატაკის გამრავლება". თქვენთვის ზედმეტია ბავშვები, მე კი არა მყავს ზედმეტი არავინ. მე თქვენ ყოველივეს გაძლევთ, მე ყოველივე საკმარი მაქვს ჩემი ქმნილებისათვის!.. შემდეგ უფალმა მეც მითხრა: მე შენ სნეულება მოგეცი, რომ შეგენანა, შენ კი ბოლომდე მგმობდი მე... და აი, მარცხნივ, ნახევრად დამწვარი, ჩონჩხადქცეული ადამიანებიც დავინახე; ისინი ურიცხვნი არიან და საშინელ მყრალ სუნს გამოსცემენ... ყველანი კვნესიან, ყელი გამოშრობიათ, წყალს ითხოვენ, თუნდაც ერთ წვეთს. მე შემეშინდა, ისეთს რასმე მეუბნებოდნენ: ეს სული დედამიწის სამოთხიდან მოვიდა და სურნელოვანი სუნი ასდის; ადამიანს დედამიწაზე უფლება და დრო აქვს მინიჭებული, რათა ზეციური სამოთხე მოიპოვოს; და თუკი მას არ უშრომია დედამიწაზე უფლისათვის და საკუთარი სულის ხსნისათვის, ის ვერ აცსდება ამ ადგილს, ჩვენს მტანჯველ ადგილსამყოფელს!.. ზეციურმა დედოფალმა მიმითითა ამ მყრალ სუნიან შავ ადამიანებზე და მითხრა: გახსოვდეს, თქვენთან, დედამიწისეულ სამოთხეში, მოწყალებაზე მეტად არაფერი ფასობს - ალალი გულით გაიღეთ მოწყალება, ვისაც რამდენი შეგიძლიათ, როგორც უფალი გვასწავლის სახარებაში: ვინც ჭიქა წყალს გაუწვდის მწყურვალს ჩემი სახელით, თვით მასაც მიეზღვება ჯილდო უფლისაგან. თქვენ კი არათუ მხოლოდ წყალი გაქვთ უხვად, სხვა რამ საბოძვარიც არ გაკლიათ და ამიტომ უნდა ეცადოთ გასცეთ უშურველად გაჭირვებულთათვის. და უცბათ, ერთ წამში ტარტაროზში აღმოვჩნდი: აქ კიდევ უფრო უარესია, ვიდრე პირველ ადგილას. თავიდან იქ ბნელოდა, მერე ჩემთან ეშმაკებმა მოირბინეს გრაგნილებით და ყველა ჩემს ბოროტ საქმეთ მიჩვენებდნენ, თან მეუბნებოდნენ: აი, ჩვენ ისინი ვართ, ვისაც შენ ქვეყნად ემსახურებოდი!.. და მე თვითონვე ვკითხულობდი ჩემს საქმეებს. ეშმაკებს პირიდან ცეცხლი გადმოსდიოდათ და მათ თავში ცემა დამიწყეს. მე ვკიოდი აუტენელი ტკივილებისაგან, მაგრამ მხოლოდ სუსტი კვნესა მესმოდა... აქაც საშინლად ტანჯული ადამიანები ვიხილე; ისინი წყალს ითხოვდნენ და მეუბნებოდნენ: აი, შენც ჩვენთან მოხვედი, დობილო, და ახლა ჩვენთან იცხოვრებ. შენცა და ჩვენც უჯეროდ ვცხოვრობდით დედამიწაზე, არავინ არ გვიყვარდა - არც ღვთისმსახურები, არც ღარიბები; მხოლოდ ვამპარტავნობდით, ღმერთს ვგმობდით, ღვთისგან განდგომილთ ვუსმენდით, მართლმადიდებელ მწყემსებს კი ვაგინებდით და არასდროს არ ვინანიებდით ცოდვებს... ჩვენნაირ ცოდვილთაგან კი ყველა, ვინც წრფელად მოინანია ცოდვები და ეკლესიაში დაიწყო სიარული, ისინი ახლა ზემოთ არიან, სამოთხეში... შენც ჩვენთან იცხოვრებ და სამარადისოდ ეტანჯები... შემდეგ ღვთისმშობელი გამოჩნდა და იქაურობა გაანათა. ყველანი მას შეევედრნენ, გვიშველე, ამდენი ხანია აქ ვიტანჯებითო. ზეციური დედოფალი ძალზე ტიროდა და ეუბნებოდა მათ: მე მხოლოდ იმათ ძალმიძს შევეწიო ჯოჯოხეთში ტანჯულთაგან, ვისთვისაც ეკლესია და ახლობლები ლოცულობენო... როდესაც მე ჯოჯოხეთში ვიყავი, საკვებად მაძლევდნენ სხვადასხვაგვარ ჭიაღუას - ცოცხლებს თუ მკვდრებს, აყროლებულებს. მე კი ვუარობდი და ვყვიროდი: აბა, ესენი როგორ უნდა ვჭამო? პასუხად მომიგებდნენ: - მიწიერი ცხოვრების დროს ხომ არ იცავდი მარხვებს. განა ის ხორცი იყო, რასაც შენ ამ დროს მიირთმევდი? ის ხორცი ჭიებად შეგერგებოდა - მიირთვი ახლაც ჭიები! მერე ჩვენ დავიძარით იქიდან და ჯოჯოხეთში დარჩენილები მოგვძახოდნენ: - არ დაგვტოვო, ღვთიმშობელო! მერე ყველაფერი დატრიალდა, სიმყრალე განქარდა და მე სხვაგან აღმოვჩნდი. დავინახე ჩვენი ეკლესია, რომელსაც ვაგინებდი. გაიღო კარი და იქიდან მღვდელი გამოვიდა, ერთიანად თეთრ მბრწყინავ სამოსელში. უფალმა მკითხა: ვინ არის ეს? მე მივუგე: ეს ჩვენი მღვდელია-მეთქი. ხმამ მიპასუხა: შენ კი ამბობდი, რომ იგი მუქთახორაა. არა, ის მუშაკია, ჭეშმარიტი მწყემსი, და არა - მოჯამაგირე. ჰოდა, იცოდე: რა მცირეც არ უნდა იყოს იგი წოდებითა და ხარისხით, ის მე მემსახურება, უფალ-ღმერთს. და თუკი მღვდელი არ წაიკითხავს შენზე შენდობის, ცოდვათა მიტევების ლოცვებს, მეც არ შეგინდობო... მერე მე ვთხოვე უფალს: უფალო, გამიშვი დედამიწაზე, იქ ბიჭი დამრჩა ობლად. პასუხად გავიგონე: - ვიცი ბავშვი რომ გყავს. გეცოდება განა? მე ვეუბნები: - ძალიან მეცოდება. - შენ ის ერთი გეცოდება და თქვენ კი მე უთვალავნი მყავხართ და ყოველი თქვენგანი სამჯერ უფრო მეცოდება. მაგრამ რად აირჩიეთ გზა უწმინდურებისა? რად ცდილობთ მოიხვეჭოთ მიწიერი სიმდიდრე? ხედავ, მთელი შენი ქონება დაიტაცეს, შვილი უპატრონო ბავშვთა სახლში განაწესეს, შენი ცოდვილი სული კი აქ მოვიდა; დემონს ემსახურებოდი და მსხვერპლაც მას სწირავდი - კინოში, თეატრში დადიოდი, ღმერთის ეკლესიაში კი თქვენ არ დადიხართ... მე ველოდები, როდის გაიღვიძებთ ცოდვიანი ძილისაგან და როდის შეინანებთ... იხსენით თქვენ თვითონვე თქვენი სულები, ილოცეთ, რამეთუ ძალზე მცირე დრო დაგრჩათ. მე მალე, ძალზე მალე მოვალ ქვეყნიერების განსასჯელად. ილოცეთ! მე ვკითხე უფალს: - როგორ ვილოცო, მე რომ ლოცვა არ ვიცი? - ილოცე - მივიღე პასუხი - ჩემთვის ის ლოცვა როდია ძვირფასი თქვენგან, რომელსაც ვიეთნი სხაპასხუპით კითხულობენ მოვალეობის მოხდისთვის, არამედ ლოცვა, რომელსაც თქვენ სულის სიღრმიდან წამოსული უზაკველი სიტყვით წარმოსთქვამთ. თქვით: უფალო, მომიტევე, უფალო, შემიწყალე და თუ ამ დროს თქვენს თვალებზე სინანულის ცრემლსაც ვიხილავ, ის ლოცვა და ვედრება იქნება სასურველი და საამებელი ჩემდა. შემდეგ ისევ ჩამობნელდა და მე უწინდელ ადგილას აღმოვჩნდი. ღვთისმშობელმა კვლავ გულზე დაიკრიფა ხელები, თვალები ზე-აღაპყრო და იკითხა: როგორ მოვექცე მას, სად წავიყვანო? უფალმა უთხრა: ქვეყნად დააბრუნე!.. ერთ წამში მე მიწაზე აღმოვჩნდი. ვხედავ, როგორ მიქრიან მანქანები დედამიწაზე და ეშურებიან ადამიანები სამსახურებისაკენ. ვხედავ, რომ ჰაერში ვირწევი ახალი ბაზრის მოედნის სიახლოვეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვეხები მიწას. მერე ნელ-ნელ ვეშვები ამ საყინულეში, სადაც ჩემი სხეული ასვენია და აი, აქ მყისიერად მიწიერი ვხდები. საათი 13 საათსა და 30 წუთს უჩვენებს. იმქვეყნიერების შემდეგ აღარ მომწონს დედამიწაზე ყოფნა. საავადმყოფოსაკენ გავემართე, მივუახლოვდი მორგს, შიგნით შევედი და რას ვხედავ: დევს ჩემი მკვდარი სხეული... როცა სხეულში შევედი, არ ვიცი როგორ მოხდა ეს, მხოლოდ საშინელი სიცივე ვიგრძენი... ამ დროს შემოიტანეს მკვდარი მამაკაცი, მოჭრილი ფეხებით, რომელიც მატარებლის ქვეშ ჩავარდნილიყო. მე თვალები გავახილე და ავმოძრავდი. სანიტრებმა დამინახეს, შეეშინდათ და გაიქცნენ. მერე დაბრუნდნენ და ორი ექიმი მოიყვანეს; სასწრაფოდ გადამიყვანეს საავადმყოფოში. იქ ექიმები შეიკრიბნენ და თქვეს: საჭიროა სანათურებით გავუთბოთ ტვინი. ეს იყო 23 თებერვალს, დღის 4 საათზე. სხეულზე მქონდა 8 ნაკერი: სამი მკერდზე, დანარჩენი ხელებსა და ფეხებზე, რადგან ჩემს სხეულზე პრაქტიკას გადიოდნენ. როცა თავი გამითბეს და მთელი სხეულიც, მე თვალები გავახილე და ორი საათის შემდეგ ავლაპარაკდი კიდეც... თავიდან ხელოვნურად მკვებავდნენ, მეორე დღეს კი საუზმე მომიტანეს: ბლინები არაჟნით და ყავა. მე მაშინვე უარი ვთქვი ჭამაზე. მოწყალების და შეშინებული გაიქცა და ექიმი მოყვანა. პალატაში მყოფი ავადმყოფები მე შემომცქეროდნენ. ექიმმა მკითხრა, რატომ არ ჭამო. მე ვუპასუხე: დღეს პარასკევია, მარხვის დღე, და მე ყოველივე მოვუყევი მას, რომ მათ, ვინც არ მარხულობს ოთხშაბათსა და პარასკევს, იქ ათასგვარ ქვეწარმავალს სთავაზობენ. მღვდლების წინაშე მოუნანიებელი ცოდვის პატრონთ ასეთი რამ მოელით ჯოჯოხეთში, ამიტომ ამ დღეებში სახსნილო საკვების მიღებაზე უარს ვაცხადებ. ჩემს მონათხრობზე ექიმი ხან წითლდებოდა, ხან ფითრდებოდა, ავადმყოფების და მოწყალების და კი ყურადღებით მისმენდნენ. შემდეგ უამრავი ექიმი და სხვა ადამიანი შეიკრიბა და მე ყველას ვესაუბრებოდი... ბევრმა იწყო ჩემთან მოსვლა, და მეც ყველას მოვუთხრობდი იმას, რაც გადამხდა, ჭრილობებსაც ვუჩვენებდი. მერე მილიცია აღარ უშვებდა ჩემთან ხალხს და მე ქალაქის მთავარ საავადმყოფოში გადამიყვანეს. ვთხოვდი ექიმებს, მალე მომიშუშეთ ჭრილობები და გამწერეთ- მეთქი. მათ კი, ვისაც ოპერაციის დროს ვყავდი ნანახი, აინტერესებდათ როგორ შეიძლებოდა გავცოცხლებულიყავი, როცა მთელი ჩემი გულ-მუცელი, კუჭი და ნაწლავები ნახევრად გახრწნილი იყო ავთვისებიანი კიბოთი, მით უმეტეს, რომ ოპერაციის შემდეგ მთელი შიგნეულობა დაუდევრად იყო შეყრილი ჩემს მუცლის ღრუში და ნაუცბათევად გაკერილი. ამიტომ მათ გადაწყვიტეს, განმეორებით გაეკეთებინათ ჩემთვის ოპერაცია. და აი, კვლავ საოპერაციო მაგიდაზე ვწევარ. მე ვთხოვე ნარკოზი არ მოეცათ ჩემთვის. როცა მთავარმა ექიმმა, ვალენტინა ვასილის ასულმა ალიაბიევამ გამჭრა და ჩამხედა, თქვა: რატომ მაჭრევინებთ ჯანსაღ ადამიანს? მას ყველაფერი ჯანმრთელი აქვს. მთელი შიგნეულობა ბავშვივით სუფთა აქვს!.. მალე ის ექიმიც მოვიდა, ვინც პირველი ოპერაცია გამიკეთა, და მასთან ერთად ბევრი სხვა ექიმიც. ყველანი გაოცებულნი ეკითხებოდნენ ერთმანეთს: სად გაქრა მისი ავადმყოფობა?! ყველაფერი ხომ გახრწნილი და კიბოთი მოდებული ჰქონდა?!.. ოპერაციის დროს სამჯერ დამეკითხნენ ექიმები: - კლავა, არ გტკივა? - არა, სრულიადაც ვერ ვგრძნობ ვერაფერს - ვპასუხობდი მე. ბევრნი გაოგნებულები დადიოდნენ საოპერაციოში, თავზე ხელს ივლებდნენ, გაფითრებულნი იყვნენ, როგორც მიცვალებულნი. მე მათ ვუთხარი: ეს უფალმა გამომიმჟღავნა მოწყალება, რათა მეცხოვრა და სხვებისთვის გადამეცა ჩემი სასწაულებრივი განკურნების ამბავი; რათა თქვენც გონს მოხვიდეთ და შეიგნოთ, რომ ჩვენზე მაღლად უზენაესი ღმერთის ძალა არსებობს. მერე პროფესორ ნეიმარკს ვკითხე, როგორ შეცდი-მეთქი. მან მიპასუხა: შეუძლებელია, რომ შევმცდარიყავი. შენ ყველაფერი კიბოთი გქონდა მოწყლული. მაშინ მე ვკითხე: ახლა რაღას ფიქრობთ? იზრაელ ისაიას ძემ მომიგო: შენ ხელახლა გშობა უზენაესმა. მაშინ მე ვუთხარი მას: თუ ეს მართლაც გჯერა, მოინათლე, ქრისტეს სარწმუნოება მიიღე და ჯვარიც დაიწერე! ვიცი, რომ ის ებრაელია, თავისი სჯულის მაღიარებელი. პროფესორი გაწითლდა შეცბუნებისაგან და დიდ საგონებელში ჩავარდა ყოველივე მომხდარის გამო... როცა ბოლო ნაკერი დამადეს, მთავარი ექიმი ვალენტინა ვასილიევნა საოპერაციოდან გავიდა, სკამზე მოწყვეტით დაჯდა და აქვითინდა. ყველა მისცვივდა, ეკითხებიან: რაო, კლავა მოკვდა? მან კი მოუგო: არა, არ მომკვდარა. მე იმან შემძრა, თუ საიდან იღებს იგი ძალებს: მას ხომ ერთხელაც არ დაუკვნესია უნარკოზო ოპერაციის დროს! განა ესეც სასწაული არ არის? მას აშკარად ღმერთი შეეწია. შემდეგ მან უშიშრად მომითხრო: როცა საქალაქო საავადმყოფოში იწექი, პირველი ოპერაციის გამკეთებელი იზრაილ ისაიას ძე ნეიმარკი მარწმუნებდა, რომ აზრი არ ჰქონდა განწირული ადამიანის მობრუნების მცდელობას, მაგრამ მე კატეგორიული უარი განვაცხადე და სულ თავზე გადექიო, მე თვითონ გაძლევდი საკვებს და წყალს. მეორე ოპერაციას უამრავი ექიმის ესწრებოდა, მათ შორის სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი, რომელმაც თქვა, რომ ეს არნახული შემთხვევაა სამედიცინო პრაქტიკაში. როცა საავადმყოფოდან გამოვედი, მაშინვე მოვიწვიე ის მღვდელი, რომელსაც ვლანძღავდი და დავცინოდი, როგორც მუქთახორას, ყოველივე მოვუთხრე მას შენდობაც ვთხოვე. მან აღსარება ჩაიბარა ჩემგან და მაზიარა ქრისტეს წმინდა საიდუმლოთ. მღვდელმა პარაკლისი გადაიხდა ჩემს ბინაში და აკურთხა იგი. აქამდე ამ სახლში მხოლოდ სიბილწე იყო, ლოთობა, ჩხუბი... ყველაფერს ვერც მოვყვები, რაც კი ჩამიდენია. მონანიების შემდგომ, მეორე დღეს მე რაიკომში წავედი და ჩემი პარტბილეთი ჩავაბარე, რადგან ის, ძველი კლავდია, ღვთისმგმობი და აქტივისტი კომუნისტი უკვე აღარ არსებობს, რამეთუ იგი მოკვდა შობიდან 40 წლისა! ზეციური დედოფლისა და უზენაესი ღმერთის წყალობით მე ეკლესიაში დავდივარ და ისეთ ცხოვრებას ვეწევი, ქრისტიანს რომ შეეფერება. სხვადსხვა დაწესებულებებსაც ვსტუმრობ და ყველას ვუყვები ჩემს თავგადასავალს. და უფალიც ყოველივეში შემეწევა. მე ყველას ვიღებ, ვინც ჩემთან მოდის, და ყველას მოვუთხრობ ამ სასწაულის შესახებ, ჩემზე რომ აღასრულა უფალმა. ახლა კი ყველას ვურჩევ, თუ არ გსურთ, ჩემს მიერ ნანახი ტანჯვა დაითმინოთ, მოინანიეთ ცოდვები, რაც კი ჩაგიდენიათ, და შეიცანით უფალი ღმერთი!" „მართლმადიდებლური სასწაულები XX საუკუნეში", კრებული I, თბილისი, 1996 წ.
|