QUTAISO.TK
მთავარი |
 
ორშაბათი, 20.05.2024, 21:51
| RSS
...
>
მთავარი » 2012 » მარტი » 29 » წმ. იოანე ოქროპირი - ხუმრობისათვის
00:52
წმ. იოანე ოქროპირი - ხუმრობისათვის

ბილწსიტყვაობას და ხუმრობას გარყვნილებამდე მივყავართ. თავი დაანებე ხუმრობასა და მახვილსიტყვაობას, ნურც საქმით ჩაიდენ რაიმეს მაგდაგვარს. ხუმრობა ჩვენ არ შეგვფერის. აბა რას გვარგებს იცი? სიცილს გამოვიწვევთ მხოლოდ. ჩვენ არ უნდა ვთქვათ არც ერთი უქმი სიტყვა, რამეთუ უქმსიტყვაობიდან უხამსობამდე ერთი ნაბიჯია. ახლა მხიარულების კი არა, სულთქმის, ტირილისა და ვაების დროა, შენ კიდევ ხუმრობ? თუ გინახავს, ასპარეზზე გამოსულ მებრძოლს ბრძოლა მიეტოვებიოს და ხუმრობა დაეწყოს? ახლოა ეშმაკი, გარს გივლის, ბდღვინავს, შენს გადაყლაპვას ლამობს, ათასგვარ ხრიკებს აწყობს შენს წინააღმდეგ, ფიქრობს, როგორ გამოგაგდოს თავშესაფარიდან, კბილებს აღჭრიალებს, ცეცხლს აჩაღებს შენი ცხოვნებისთვის ხელის შესაშლელად, შენ კიდევ დამდგარხარ და ხუმრობ, უქმსა და უხამს ლაპარაკს აჰყოლიხარ. ასეთი საქციელით ეშმაკს რას დააკლებ? ბავშვებივით ვერთობით საყვარელნო! ისმინე! რას ამბობს პავლე მოციქული, ამსოფლით განსვლას რომ ეპირება: „რომელნი-ესე ვართ ხორცსა ამას შინა, ვკუნესით" (2 კორ. 5, 4). შენ კი იცინი და ერთობი? ვერ ხედავ მებრძოლთა სახეებს, რა მკაცრნი და შეუვალნი არიან? წარბები შეუკრავთ შიშის მომგვრელად, სახე სასტიკი აქვთ, გული - კეთილი, გონება - გაბედული, სწრაფი და გამჭრიახი, ფრთხილი და მოუსვენარი, თავიანთ რიგებში დიდ წესრიგს, სიმწყობრესა და სიჩუმეს იცავენ. იმაზე აღარას ვამბობ, რომ უჯერი სიტყვა არ დასცდებათ - საერთოდ არ ლაპარაკობენ. თუკი ისინი, ვინც

ხილულ მტრებს ებრძვის და ზედმეტი სიტყვის თქმა ისეთს ვერაფერს ავნებს, მაინც ასეთ მდუმარებას იმარხავენ, როგორღა უტოვებ უკანდასახევს მტერს შენ, ვისაც სიტყვებისთვისაც გმართებს ბრძოლა? განა არ იცი, რამდენ თავდასხმას უნდა მოელოდე უხილავი მტრისგან? ხუმრობ და ერთობი, მახვილსიტყვაობ, ხალხს აცინებ, მთავარზე კი ფიქრიც გავიწყდება. ხუმრობას მოსდევს ფიცის გატეხვა, ვნება, ბილწსიტყვაობა, და ვინ იცის კიდევ რა! ჟამი არს ომისა და ბრძოლისა, სიფხიზლისა და მღვიძარებისა, შეიარაღებისა და საბრძოლველად მომზადებისა. მშვიდობიანობის ჟამს კიდევ შეიძლება კაცმა გაიცინოს, ახლა კი, საერთოდ არაა ამის დრო. ისმინე, რას ამბობს ქრისტე: „სოფელსა უხაროდეს, და თქუენ სწუხდეთ" (იოანე, 16, 20). ქრისტე ჯვარს ეცვა შენი ბოროტი საქმეებისთვის, შენ კიდევ იცინი? მან ყვრიმალის-ცემა და ამდენი ტანჯვა-წამება დაითმინა შენს თავზე მოწევნული უბედურებებისა და ქარიშხლებისათვის, შენ კი მოლხენითა ხარ? და განა ამით უფრო მეტად არ განარისხებ უფალს? მაგრამ, რაკი ეს საქმე გვეჩვენება უმნიშვნელოდ და იმად, რისგანაც კაცი ძნელად  თუ შეიკავებს თავს, მაშ, განვსაჯოთ იგი და ვნახოთ, რა დიდი ბოროტებაა. საერთოდ, რაიმე საქმის უმნიშვნელოდ წარმოჩენა და მისი არაფრად ჩაგდება ეშმაკის ჩაგონებაა. ხუმრობა რაღაც უმნიშვნელოც რომ იყოს, მაინც არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ, რამეთუ ვიცით: აქედან იღებს სათავეს მრავალი ბოროტება, რომლებიც თანდათან მატულობენ და ხშირად ეს ყველაფერი სიძვით მთავრდება. ვნახოთ, საიდან წარმოიშვა ეს ბიწიერება, ანდა სჯობს გავიხსენოთ, როგორი უნდა იყოს წმინდანი? იგი უნდა იყოს ჩუმი, მშვიდი, მწუხარე, მტირალი, შემუსვრილი. მაშასადამე, ვინც ხუმრობს, ის წმინდანი ვერ იქნება. ხუმრობა მხოლოდ სცენაზე მოთამაშე მსახიობებს შეჰფერით. ისმინე, რას ამბობს წინასწარმეტყველი: „ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით" (ფსალმ. 2, 11).  ხუმრობის სიყვარული სულს ასუსტებს, აზარმაცებს, აზანტებს. იგი ხშირად შფოთს იწვევს და ომის მიზეზი ხდება. კარგია, თუ სული მღვიძარეა, ძნელად თუ რაიმე მოხიბლავს მას. მაგრამ, გაფანტული სულის მოხიბვლა რა ძნელი საქმეა? იგი  თავისთავადაც მოხიბლულია და ეშმაკის მანქანა და თავდასხმები აღარც კი სჭირდება. საკითხში უკეთ რომ გაერკვე, თვით ამ განსაზღვრებას დააკვირდი - ხუმარა. ამ სახელს უწოდებენ დაუდგრომელ, თავზეხელაღებულ, პირუმტკიცო, ცვალებად კაცს, ისეთს, ყველაფერს რომ იკადრებს, მაგრამ ეს უჩვეულოა ქრისტეს მსახურისთვის. ხუმარა ადვილად იცვლება და თამაშობს, რადგან მან უნდა მიბაძოს ამა თუ იმ კაცს სახის გამომეტყველებითაც, სიტყვითაც, სიცილითაც, მიხვრა-მოხვრითაც და საერთოდ, ყველაფრით. ამასთან, ხუმრობები უნდა შეთხზას კიდეც - მისთვის ხომ ესეც აუცილებელია, ქრისტიანს კი კომედიის თამაში არ შეშვენის. თანაც ხუმარას იმათი ძლიერი მტრობის ატანაც უხდება, ვისაც დასცინის, სულერთია, პირისპირ თუ ზურგსუკან. თუ ხუმრობა კარგი საქმეა, მსახიობებს რატომ ჩაუვარდათ ხელში? მსახიობის ხელობას ეკიდები და არცა გრცხვენია?  მრავალი ბოროტებაა დაბუდებული ხუმრობის მოყვარე სულში, დიდი გაფანტულობა და სიცარიელე, მის შიგნით ირღვევა წესრიგი, სუსტდება კეთილგანლაგებულება, ქრება შიში, ადგილი აღარ რჩება ღმრთისმსახურებისთვის. ენა იმისთვის კი არ გაქვს, რომ სხვას გამოაჯავრო, არამედ იმისთვის, რომ ღმერთს ჰმადლობდე.

 

გვედრით, განაგდეთ თქვენგან ეს უჯერო შექცევა, შორს იგი თავისუფალი სულისაგან. ურცხვსა და თავხედ ადამიანს საამურად უჩანს ხუმრობა. როგორც ვნებას მიჰყავს კაცი თანდათან მრუშობამდე, ისევე ხუმრობას - დიდ ბოროტებამდე. ისმინე, რას ამბობს წმ. წერილი: „პირველ ქუხილისა წინა უძღვის ელვა, და პირველ სირცხვილისა წინა უძღვის მადლი" (ზირ. 32, 12). მაგრამ არავინაა ხუმარაზე უფრო ურცხვი, ამიტომ ბაგე მისი სავსეა არა სიტკბოთი, არამედ სიმწარით. განვაგდოთ ეს ჩვევა ტრაპეზიდან, ზოგიერთი ამას გლახაკებსაც კი ასწავლის. რა სიბრიყვეა! მასხარად ხდიან მათ, ვინც უბედურებითაა გარემოცული! და სად აღარაა მოდებული ეს სენი?  მან ეკლესიაშიც კი შეაღწია, წმ. წერილსაც კი შეეხო! ამიტომ გვედრით ყველას განთავისუფლდეთ ამ ჩვევისაგან, ვილაპარაკოთ ის, რაც შეგვფერის, დაე, განწმენდილ ბაგეებს არ დასცდეთ ის, რაც ურცხვსა და უტიფარ ბეგეებს შეჰფერის. რამეთუ „რაჲ მოყუსობაჲ არს სიმართლისა და უსჯულოებისა, ანუ რაჲ ზიარებაჲ არს ნათლისა და ბნელისა?" (2 კორ. 6, 14), სჯობს, განვეშოროთ ყოველივე უჯეროს და აღთქმულ სიკეთეთა მიღების იმედი დავიტოვოთ, ვიდრე ამაოსმეტყველებას აყოლილებმა დავკარგოთ ნიჭი მღვიძარებისა. რამეთუ ხუმარა კაცი იოლად ხდება მაგინებელი, მაგინებელი კი სხვა უამრავი საძრახისი საქმის ჩამდენია.

 

სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა”, ტ. III

(მეჩვიდმეტე საუბარი ეფესელთა  მიმართ ეპისტოლეზე)

თარგმნა რუსიკო ბუაჩიძე

კატეგორია: †სტატიები† | ნანახია: 669 | დაამატა: amiko | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ჩანაწერების არქივი

Copyright MyCorp © 2024Website builder - uCoz