QUTAISO.TK
მთავარი |
 
ორშაბათი, 20.05.2024, 22:57
| RSS
...
>
მთავარი » 2012 » მარტი » 29 » ათონელი ბერების ეპისტოლე იმპერატორ მიქაელ პალეოლოგისადმი, კონსტანტინოპოლის პატრიარქ იოანე ვეკკას წინააღმდეგ (როდესაც მეფე და პატრიარქი ყველა
00:50
ათონელი ბერების ეპისტოლე იმპერატორ მიქაელ პალეოლოგისადმი, კონსტანტინოპოლის პატრიარქ იოანე ვეკკას წინააღმდეგ (როდესაც მეფე და პატრიარქი ყველა

მეფეო! რომ ჩამოვთვალოთ საეკლესიო და ღვთაებრივ გადმოცემათა და განგებულებათა ყველა ის დარღვევა, რომლებიც ლათინთა მიერ არის ჩადენილი, მაშინ ჩვენი საუბარი გაგრძელდება და შენს სამეფო სმენას გადაღლის. ეს რომ თავიდან ავიცილოთ აღარ მოვიყვან ჩვენი წმინდა პატრიარქებისა და მღვდელმთავრების ნაწერებს მათ წინააღმდეგ, სადაც ისინი ამხელენ მათ; არამედ მოკლედ მოგწერთ შემდეგს. მათ, მეფეო, ცვლილებისა და დამახინჯების გარეშე არ დაუტოვებიათ სარწმუნოების უმთავრესი დოგმატები. ამიტომაც არა მხოლოდ განვარდებიან ქრისტეს სხეულის სიმშვენიერიდან, არამედ გადაეცემიან სატანას. მთელი სახარებისეული სწავლების ბეჭდად მოციქული იმდენად გალატელებს როდი მიმართავს, რომლებიც მხოლოდ ერთ პუნქტში ასწავლიდნენ სხვაგვარად, არამედ იტალიელებს, რომლებმაც თითქმის დაამახინჯეს სახარებისეული, სამოციქულო, კანონიკური და წმინდა მამათა მიერი გარდმოცემა: „დაღათუ ჩუენ, გინა ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი იგი გახარეთ თქუენ, შეჩვენებულ იყავნ!" (გალ. 1,8-9). ასევე მეექვსე მსოფლიო წმინდა კრება თავის I კანონში ამბობს: „ხოლო უკუეთუ ვინმე ყოველთაგანი არა პირველთქმულთა ამათ კეთილად მსახურებისა სჯულთა შეიტკბობს და შეუდგეს და ესრეთ აღიარებდეს და ქადაგებდეს, არამედ წინაუკმო გარდაქცევასა ამათსა ხელყოფდეს, იყავნ

შეჩვენებულ წინასწარ განჩინებულისა მისებრ საზღვრისა პირველმოხსენიებულთა მიერ წმიდათა  და ღმერთშემოსილთა მამათა და ქრისტიანეთა კრებულისაგან, ვითარცა უცხოჲთ განიხადენ და განვარდინ, რამეთუ ჩვენ არცა შემატებასა რასმე და არცა დაკელბასა თავს–ვიდებთ რაჲთურთით პირველგანჩინებულთა მათ სარწმუნოებისა საზღვართასა, ანუ გარდავხდებით რომელსაცა სიტყვასა". ასე ღაღადებს ეს კანონი. და განა კანონიკურ ანათემას არ გადაეცემიან ისინი, ვინც საჯაროდ ქადაგებს სიახლეს და აშკარად მიდიან საღმრთო დოგმატთა წინაარმდეგ, ანუ აკლებენ ანდა ამატებენ რაიმეს მამათა სწავლებას. ხოლო „რომელთა უწინარეს საკრებო განჩინებისა განაშორნეს თავნი თვისნი ზიარებისაგან ეპისკოპოსად სახელდებულისა მის, რაჟამს მან მწვალებლობაჲ იგი საეროდ ქადაგოს და დაუბურველითა თავითა ეკლესიასა შიან ასწავოს, ეგევითარნი იგი არა ხოლო კანონთამიერისა განკანონებისაგან თავისუფალ არიან, არამედ ვითარცა მოშურნენი მართმადიდებლობისანი პატივსაცა ჯეროვნისა ღირს იქმნენ, რამეთუ არა ეპისკოპოსი, არამედ ცრუ ეპისკოპოსი და ცრუ მოძღვარი განიკითხეს და არა განხეთქილებითა განჭრეს ერთობაჲ ეკლესიისაჲ, არამედ განხეთქილებათა და განყოფათაგან ხსნაჲ ეკლესიისაჲ ისწრაფეს". ამას ბრძანებს წმინდა და დიდი ორგზისი კრების მე–15 კანონი.

 

რამდენად დასაშვებია და ღვთივსათნოა ჩვენი გაერთიანება მათთან, რომელთაც სამართლიანად და კანონიერად განვეშორეთ და რომელნიც კვლავაც მწვალებლობაში არიან? თუკი ჩვენ ამას მართმადიდებლურად მივიჩნევთ, მაშინ მხოლოდ ამით დავაქცევთ და წავშლით ყველაფერს ჭეშმარიტს. რამეთუ ღვთაებრივი კანონები ღაღადებენ: „ უკუეთუ ვინმე უზიარებელსა სახლსაღა თუ შინა თანამლოცველ ექმნეს, უზიარებელ იქმენინ იგიცა" (მოც. 10; ანტიოქ. 2) და კიდევ: „ვინც მწვალებელთან ერთიანდება იგივე სასჯელს იმსახურებს, რასაც მწვალებელი". შესაბამისად რა დანაშაულისთვისაც არიან ისინი სასჯელის ქვეშ, ჩვენც მათთან ერთად დავისჯებით საღმრთო კანონებით, რომლებიც სული წმინდამ განაჩინა. არ შეიძლება ამის დაშვება! არ შეიძლება!

 

არც კი ღირს იმის ხსენება ( ვგულისხმობთ ცრუ–პატრიარქ იოანე ვეკკას), ვინც სიბნელეა და თავი სინათლედ მოაქვს, ვინც მთავარი მაცდუნებელია ამ საქმეში, ვინც მათთან გაერთიანების საბაბით ცდილობს მზაკვრული და სასიკვდილო დარტყმა მიაყენოს მთელს სხეულს, ვისაც არ ძალუძს ღიად დაარწმუნოს ვინმე და ამიტომაც ფარულად მოქმედებს, კერძოდ კი ცდილობს, უეცრად გაუღოს სამწყსოს კარიბჭე მგლებს და ბოლომდე მიიყვანოს ბოროტი საქმე. თუ ვინმეს შემოერთების სურვილი აქვს, დაე აზრები შეიცვალოს და ასე შემოგვიერთდეს; ხოლო თუ გაერთიანება საკუთარი ბოროტებისა და სიცრუის შენარჩუნებით სურთ, მაშინ ამას  ვერ შეძლებენ.

 

მეფეო! მოისმინე ყოვლადწმინდა სულის მიერ დამოწმებული სიტყვები, რომელთაგან ერთი იოატაც არა წარხდეს (ლკ.16,17). უფლის დიდი მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: „რომელ მოვიდეს თქუენდა და ესე მოძღვრებაჲ არა მოაქუნდეს, ნუ შეიწყნარებთ სახლთა თქუენთა და „გიხაროდენ" ნუ ეტყვით მათ, რამეთუ რომელმან ჰრქუას მას „გიხაროდენ" ეზიარების საქმეთა მისთა ბოროტთა" (2 ინ.1, 10-11).

 

თუკი ჩვენ მათთვის უბრალოდ გზაზე მისალმება გვეკრძალება, თუკი არ შეგვიძლია მათ სახლში შესვლაც კი, მაშინ როგორ მივიღებთ მათ ტაძარში, თვით საკურთხეველში, ძე ღვთისას საშინელ და საიდუმლო ტრაპეზზე, სადაც თავად უფალი შეიწირება უსისხლო მსხვერპლად? რომელიც უმანკო კრავივით დაიკვლის, რათა შეგვარიგოს მამასთან და თავად მასთან, და ჩვენი ცოდვები საკუთარი სისხლით განწმიდოს. რომელი გონებადაბნელებული გაბედავს წამოსცდეს მოხსენიება იმის სახელისა, ვინც სული წმინდის მიერ არის განკვეთილი, როგორც ღმერთზე და წმინდანებზე აჯანყებული,  და ამით თავად გახდეს ღვთის მტერი? იმიტომ, რომ თუკი მხოლოდ მისალმება გვხდის ჩვენ მათი მზაკვრული საქმეების თანამონაწილედ, მაშ რაოდენ უფრო მეტია ხმამაღალი მოხსენიება მისი (ცრუპატრიარქის), როდესაც წინ საღმრთო, საშინელი საიდუმლონი გვაქვს დაგებულნი. თუკი ჩვენ წინ დაგებული თავად არის ჭეშმარიტება, მაშ როგორ დაუშვებს იგი ამ უდუდესი ტყუილის სიმართლედ გასაღებას – ანუ მის მართლმადიდებელ პატრიარქად გამოცხადებას? ნუთუ საშინელ საიდუმლოთა აღსრულების დროს, როგორც სცენაზე, ისე უნდა ვიხუმროთ? როგორ მოითმენს ამას მართმადიდებლური სული? განა უმალვე არ განეშორება იგი იმათ, ვინც მას მოიხსენიებს? როგორ არ ჩათვლის ასეთებს სიწმიდის გამყიდველებად? მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმსახურებისას ეპისკოპოსის სახელის ღვთაებრივ მოხსენიებას ყოველთვის სრული ერთობის უპირობო ნიშნად მიიჩნევდა. წმ. გერმანე კონსტანტინოპოლელის მიერ დაწერილ საღმრთო ლიტურგიის განმარტებაში ვკითხულობთ: „ მღვდელმოქმედი აღამაღლებს ეპისკოპოსის სახელს, წარმოაჩენს რა უპირატესისადმი მის მორჩილებას, სრულ ერთობას მასთან, და მისი სარწმუნოების მეკვიდრეობას და ერთგულებას".

 

ასევე ჩვენი დიდი მამა და აღმსარებელი თეოდორე სტუდიელი თავის ძვირფას წერილში გვასწავლის: „შენ მწერ, რომ შეგეშინდა პრესვიტერისთვის გეთქვა – არ მოეხსენებინა მწვალებელი ეპისკოპოსის სახელი, ერთს გეტყვი მხოლოდ – მარტო მოხსენიებისებრი ერთობა ბეჭედს ასვამს ლაქას, თუნდაც მომხსენებელი მართმადიდებელი იყოს". ასე გვმოძღვრავს ეს წმინდა მამა, მასზე ადრე კი თავად ღმერთი: „და მღვდელთა მისთა შეურაცხ–ყვნეს შჯული ჩემი" (იეზეკ. 22, 26). როგორ? „შორის წმიდისა და ბილწისა არ განარჩევდეს" (იეზეკ. 22; 26) განურჩევლად ექცეოდნენ და სულ ერთი იყო მათთვის. რა შეიძლება იყოს ამაზე ნათელი და ჭეშმარიტი?

 

მაგრამ იქნებ შესაძლებელია კეთილგონიერი შემგუებლობა (იკონომია)? როგორ შევეგუოთ იმას, რაც ბილწავს ღვთისმსახურებას, საღმრთო სულის გარეშე ტოვებს მღვდელმოქმედებას და ამიტომ მორწმუნეებიც  ცოდვათა მოტევებისა და ღმერთთან შეთვისების გარეშე რჩებიან? შეიძლება კი იყოს რაიმე ამგვარი იკონომიაზე უფრო მავნე? სულიერი ერთობა თუნდაც ერთ პუნქტში მთელი სიმართლის დარღვევის ტოლფასია. რადგანაც მწვალებელთან ერთობის მქონე იგივე სასჯელის ღირსია, როგორც საეკლესიო კანონთა დამრღვევი. ხოლო ამგვარი იკონომიის მქადაგებელნი, უგულებელყოფენ რა საეკლესიო კანონებს, შედიან ლოცვით კავშირში იუდეველებთან, სომხებთან, იაკობიტებთან, ნესტორიანელებთან, მონოთელიტებთან და საერთოდ ყველა ჯურის მწვალებლებთან და მხოლოდ ამიტომ არ იმსახურებენ არანაირ იკონომიას და თანაზიარნი არიან ყველა ღვთისმბრძოლი მწვალებლობისა, რადგანაც საეკლესიო კანონთა და უზენაესი საღმრთო სჯულის მიხედვით არ განარჩევენ  მწვალებლებს მართალთაგან და თავად ივსებიან ყოველგვარი ერესით.

 

ვის მივცეთ ქრისტეს მართმადიდებელ ეკლესიაზე წინამძღოლობის უფლება, კაცს, რომელიც მწვალებელია? ეს ხომ სრული ღალატია და არა იკონომია. იგი უკანასკნელი ადგილის ღირსიც კი არ არის. რამეთუ დიდი მამა ჩვენი გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: „თუკი ნოვატი არ ღებულობდა მათ, ვინც არ შეინანეს დაცემის შემდეგ, არც მე ვღებულობ ასეთებს, თუკი ისინი ქედს არ მოიდრეკენ ან ჯეროვნად არ დამდაბლდებიან, და უჯერი საქმის გამო გამოსწორების პირობას არ დადებენ. აი, მაშინ კი მივიღებ და სათანადო ადგილსაც მივუჩენ".

 

ვინ შეამჩნია მასში (პატრიარქში) ანდა მასთან ერთობაში მყოფთა შორის გამოსწორების სურვილი? სად არის სინანული ავი საქმეების გამო? რა თქმა უნდა, ისინი უკანასკნელ ადგილსაც კი არ იმსახურებენ, მაშინ როგორღა იქნებიან წინამძღვარნი? დეა თუნდაც მოახერხონ რომელიმე ეკლესიაში ძალაუფლების ხელში ჩაგდება, ტფუ! ფურთხის ღირსნი არიან მხოლოდ! „ნუ ხელეწიფების ბრმასა ბრმისა წინა–ძღუანვად? არა–მეა ორნივე ჯურღმულსა შთაცვივენ?" (ლუკ. 6,39) და უკუეთუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ არს, ბნელი იგი რაოდენ–მე?" (მათე 6,23). როგორც დიდი ღვთისმეტყველი გრიგოლი ბრძანებს, ყოველი ქვეშევრდომი თავის წინამძღოლს ემსაგავსება.

 

წმინდა კრებათა ღვთაებრივი კანონები მათ მიერ მთლიანად უარყოფილია, სულიერი ცხოვრების კვალი და სუნიც კი არ გააჩნიათ, მხოლოდ ერეტიკოსობენ და ეკლესიას შფოთითა და საცდურით ავსებენ. რამეთუ შეუძლებელია შეუთავსებელთა ერთად ყოფნა, არც შეუერთებელთა შეკავშირება. „რამეთუ არა მოყვსობა არს სიმართლისა და უსჯულოებისა, ანუ რა ზიარება არს ნათლისა და ბნელისა". (2 კორ. 6,14). ანუ რა საერთო აქვთ მართლმადიდებლებსა და მწვალებლებს, რომელთაც უნდა განვეშოროთ, როგორც ამას თავად ღმერთი გვასწავლის: „აღიხოცენ უკეთურებანი იგი თქუენ შორის" (2 სჯ. 13.5). და „უკუთუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან" (მათე. 18.9). აგრეთვე დიდი პავლე, უფრო სწორედ თავად უფალი პავლეს ბაგით გვიბრძანებს: „მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე" (ტიტ. 3, 10) და კვალად – „გამცნებ თქუენ ძმანო სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, განშორებად თქუენდა ყოვლისავე მისგან ძმისა, რომელი უწესოდ ვიდოდეს და არა მოძღვრებისა მისებრ, რომელი ისწავა ჩუენგან" (2 თეს. 3,14). მსგავსად ამისა გვმოძღვრავს ღმერთშემოსილი დიდი მამა ჩვენი ეგნატე, რომელიც გვაფრთხილებს მოვერიდოთ ადამიანის მსგავს მხეცებს – მწვალებლებს, რომელნიც არა მხოლოდ არ უნდა მივიღოთ, არამედ მათთან შეხვედრასაც კი უნდა ვერიდოთ.

 

როგორ ვაღიაროთ მართმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად და უმაღლეს მსაჯულებად ისინი, ან როგორ მოვიხსენიოთ ხმამაღლა მათი სახელები ეკლესიაში თვით საიდუმლო ტრაპეზის წინ, ისე რომ ტრაპეზი არ წაიბილწოს და კურთხეული დარჩეს.

 

ნუ დაუშვებ ამას შენი სულისთვის, მეფეო წნინდაო და ღვთივარჩეულო, თვითმპყრობელო, ქრისტესმოყვარეო! არამედ „დაადგერ მას ზედა, რომელიცა გისწავიეს და გრწმენა, უწყი ვისგან გისწავიეს" (2 ტიმ. 3,14), რამეტუ ქრისტეს მადლით გისწავიეს. „კეთილი იგი ვედრი დაიმარხე სულითა წმიდითა" (2 ტიმ. 1, 14) და ქრისტეს დიდი მოციქულის სწავლებით „განეშორე ბილწთა მათგან ცუდთთა ხმათა, და სიტყვის–გებათა მათგან ტყუილის სახელის მეცნიერებისათა რომელსა იგი ვიეთნიმე აღუთქმიდეს, და სარწმუნოებისაგან ცუდნი განვარდეს" (1 ტიმ. 6, 21-22)! რათა შენს მიერ და შენთან ერთად ჩვენც, მთელი ქრისტიანული სავსება, მართლმადიდებლობითა და სიყვარულით დაცულნი უბიწოდ წარვსდგეთ „ვიდრე გამოჩინებამდე უფლისა ჩვუენისა იესო ქრისტესა" (1 ტიმ. 6,15) და გავხდეთ მონაწილენი მისი სუკუნო მეუფებისა. „სარწმუნო არს ღმერთი" (1 კორ. 1,9), რომელიც ამის ღირსად გვყოფს, თუკი მის მცნებებს დავიმარხავთ ქრისტეს მადლით ყოვლადწმინდა საღმრთო სულში. ამინ.

 

 

ამ ეპისტოლეს ავტორი ათონელი ბერები ლათინებმა მოწყვიტეს ჯვაროსნული ლაშქობის დროს.

 

კატეგორია: †სტატიები† | ნანახია: 644 | დაამატა: amiko | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ჩანაწერების არქივი

Copyright MyCorp © 2024Website builder - uCoz